26 03 2021

ქალები თემების გაძლიერებისთვის - მზიანას ისტორია

მზიანა სუბელიანი, მეწარმე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ტანძია

„ტანძია, სადაც ოჯახთან ერთად უკვე 33 წელია ვცხოვრობ, ეკომიგრანტებით დასახლებული სოფელია. მიუხედავად იმისა, რომ ის სვანეთისგან ძალიან განსხვავდება, ადაპტაცია არ გამჭირვებია.

ტანძია აქტიურობით არასდროს გამოირჩეოდა, ჩვენი ცხოვრება ერთფეროვანი იყო, თუმცა აქაურ ქალებს ყოველთვის გვინდოდა ისეთი საქმის დაწყება, რაც ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, პიროვნული განვითარების საშუალებასაც მოგვცემდა. სწორედ ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფონდი ტასოს ახალი ინიციატივა ჩვენთვის იმედის მომცემი აღმოჩნდა. მისი დახმარებით, მეტად გავაქტიურდით და ის სასარგებლო უნარ-ჩვევებიც შევიძინეთ, რომლებიც მომავალში ჩვენი მიზნების დამოუკიდებლად განხორციელებაში დაგვეხმარება.

ინიციატივის ფარგლებში, საგრანტო კონკურსშიც მივიღე მონაწილეობა და ჩემი თემის სხვა ქალებთან, ზოია წერედიანთან, ქეთო გულბანთან, ნორა გირგვლიანთან და თამარ ხიციშვილთან ერთად, სოფელში საცხობი გავხსენი. უკვე ოთხი თვეა, რაც ამ საქმიანობას ვეწევით და ვცდილობთ, მომხმარებლებს გემრიელი, სოფლის ნატურალურ პროდუქტზე დამზადებული ლავაში და ლაზური პურები შევთავაზოთ.

ტანძიასა და მის მიმდებარე სოფლებში სხვა საცხობი არ ფუნქციონირებს, ამიტომ ჩვენი ბიზნესი თავიდანვე წარმატებით განვითარდა. მალე ჩვენი თემის ორი ქალიც შემოვიერთეთ: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სათემო მუშაკი იზოლდა ანსიანი და მერი კვიციანი, რომელმაც ამავე პროექტის დახმარებით ბუღალტერიის კურსები გაიარა და ახლა საცხობში ბუღალტრად მუშაობს. ამასთან, ჩვენი თემიდან ერთი ახალგაზრდა ბიჭიც დავასაქმეთ.

მომსახურების გაუმჯობესებაზე ყოველთვის ვზრუნავთ  და სულ მომხმარებლის კმაყოფილებაზე ვართ ორიენტირებულები, ამიტომ პურთან ერთად, ნატურალური პროდუქტისგან დამზადებულ უგემრიელეს ხაჭაპურსა და კუბდარსაც ვაცხობთ.

პროექტის დახმარებით, ჩვენს სოფელში მცხოვრები ქალები მეტად თავდაჯერებულები და მოტივირებულნი გახდნენ, რაც ძალიან მიხარია. მომავალში საქმიანობის გაფართოებაზე ვფიქრობთ და მჯერა, ერთიანი ძალებით მეტ წარმატებას მივაღწევთ.

 

პროექტი ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE) ახორციელებენ.