04 02 2021

ქალები ოჯახების გაძლიერებისთვის - ნანა აბულაძისა და მაია ბუნტურის ისტორია

ნანა აბულაძე და მაია ბუნტური, მეწარმე ქალები, ახმეტის მუნიციპალიტეტი.

ახმეტაში ყოველთვის აქტიური და მოტივირებული ქალები ცხოვრობდნენ. ისინი ოჯახების კეთილდღეობაზე მუდმივად ზრუნავდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტში ნაკლებად იყო ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც მათ დასაქმებას, განვითარებასა და გაძლიერებას შეუწყობდა ხელს. მე და მაიას სულ გვინდოდა, ისეთი ბიზნესი დაგვეწყო, რომელიც შემოსავლის მიღებაშიც დაგვეხმარებოდა და ადგილობრივი ქალების მხარდაჭერაშიც.

საცხობის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება გვქონდა, ამიტომ საქმიანობის დაწყებაც ამ მიმართულებით გადავწყვიტეთ და საჭირო ფართი სახლში გამოვყავით. იქიდან გამომდინარე, რომ საცხობის გარდა ოჯახზე ზრუნვა, სოფლის მეურნეობისა და სხვა  საქმეების კეთებაც გვიწევდა, საკმარისი დრო არ გვქონდა, წარმოება გაგვეზარდა და ჩვენი მომსახურება მეტი მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა. საბედნიეროდ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის ახალ ინიციატივაში მივიღეთ მონაწილეობა და საცხობისთვის შესაბამისი ინვენტარი შევიძინეთ. ინიციატივის დახმარებით, შრომა ბევრად გაგვიმარტივდა და ახლა დროც საკმარისად გვაქვს.

მომხმარებლის სურვილების შესაბამისად, მათ ახალ, ნატურალურ და მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ: სხვადასხვა სახის ცომეულს, კერძებს, სალათებს, ნამცხვრებსა და .. შეკვეთებს  როგორც ინდივიდუალური პირებისგან, ასევე ორგანიზაციებისგანაც ვიღებთ. ბევრი შეკვეთისას რამდენიმე ადგილობრივ ქალსაც ვასაქმებთ. პანდემია რომ დაიწყო, თავდაპირველად რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, თუმცა მალევე დისტანციური გაყიდვები დავიწყეთ. მომხმარებელს კი უფასო მიტანის სერვისი შევთავაზეთ.

სამომავლოდ  საქმიანობის გაფართოებას ვაპირებთ. გვინდა,  ეზოში ბავშვთა გასართობი სივრცე მოვაწყოთ. იმედია, ჩვენი საცხობი წარმატებით განვითარდება და პანდემია რომ დამთავრდება, მომავლის გეგმებსაც განვახორციელებთ.

მნიშვნელოვანია, რომ ქალი ძლიერი და დამოუკიდებელი იყოსრათა საკუთარი სურვილების ასრულება და ოჯახის გაძლიერება შეძლოს. ამ პროექტის დახმარებით, ახმეტაში მცხოვრები ქალების მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალამათ საკუთარი საქმიანობის განვითარებისა და სხვა ადგილობრივი ქალების დასაქმების საშუალება მიეცათ.“

პროექტი “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE) ახორციელებენ.