18 01 2021

სოფლად მცხოვრები ქალები ცვლილებებისთვის - ნაირას ისტორია

ნაირა ბოლქვაძე, მეწარმე ქალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი მარადისი.

„25 წელია მარადისში, ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელში ვცხოვრობ. თავდაპირველად ახალ გარემოსთან ადაპტირება ძალიან გაგვიჭირდა. მახსოვს, როგორ ვისხედით მე და ჩემი მეუღლე მატარებლის პატარა ვაგონში და უკეთეს მომავალზე ვოცნებობდით. მთავარი, რაც აქაურებს გვაძლიერებდა, ერთმანეთის თანადგომა და იმედი იყო. ერთიანი ძალებით თანდათან მიწის ათვისება და მისი დამუშავება დავიწყეთ. ახლა ქოხებისა და ვაგონების ნაცვლად, სახლებში ვცხოვრობთ და სოფლის მეურნეობას და მეცხოველეობას ვეწევით.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფონდი ტასოს ახალი ინიციატივა ჩვენი მიზნების მიღწევასა და საქმიანობის განვითარებაში ძალიან დაგვეხმარა. ამ პროექტში ჩართვის შემდეგ მარადისის სათემო მუშაკი გავხდი და ვცდილობ, ქალებმა თავიანთი პოტენციალის რეალიზება შეძლონ. ბევრი საინტერესო, სხვადასხვა თემატიკის ტრენინგი გვიტარდება, თუმცა პანდემიის გამო, ისინი დისტანციურად მიმდინარეობს, შესაბამისი მოწყობილობები კი ყველას არ აქვს. ძალიან მინდა, ჩემი ჯგუფის ქალებმა რაც შეიძლება მეტი ცოდნა და გამოცდილება შეიძინონ, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებ, რომ ისინი ტრენინგებს დაესწრონ, მეტად ინფორმირებულები და მოტივირებულები გახდნენ.

ამავე პროექტის ფარგლებში, საგრანტო კონკურსშიც მივიღე მონაწილეობა და ბიზნესის განვითარებისთვის სხვადასხვა ბოსტნეულის ნერგები შევიძინე. ძირითადად,  ბროკოლი, სალათის ფურცლები, ყვავილოვანი კომბოსტო და ყაბაყი მომყავს. პროდუქციის რეალიზაციაში ჩემი მეუღლე მეხმარება, რომელიც მოსავალს თბილისის ბაზრებსა და მაღაზიებში ყიდის. თუ ადრე შემოსავალი სეზონურად მქონდა, ახლა ნაწარმს წელიწადის ყველა დროს ვყიდი და ბიზნესიც საკმაოდ წარმატებულად ვითარდება. სათბურისთვის აღებული კრედიტის ნაწილი უკვე დავფარე და პირველი მოგებით ხელის ტრაქტორიც შევიძინე. მუშაობის პროცესში რამდენიმე ადგილობრივ ქალსაც ვასაქმებ. განვითარებას სამომავლოდაც ვგეგმავ. გრანტების დახმარებით, მაცივრის შეძენა მინდა, რათა ჩემი პროდუქცია სათანადოდ შევინახო და მომგებიან პერიოდში გავყიდო. 

ამ პროექტმა ჩვენი სოფლის ქალებზე დიდი გავლენა იქონია: უფრო მოტივირებულები და თავდაჯერებულები გავხდით, გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც აქტიურად ვმონაწილეობთ. მანამდე სოფლის პრობლემებზე მხოლოდ ვსაუბრობდით,  მათი მოგვარებისთვის კი ვერაფერს ვაკეთებდით. ახლა, როცა რაიმე პრობლემა გვაქვს, მას ერთობლივად განვიხილავთ და შემდეგ შესაბამისად ვმოქმედებთ კიდეც. ჩემი სოფლის ქალებით ძალიან ვამაყობ. ბედნიერი ვარ, რომ პროექტის დახმარებით მეტად გავაქტიურდით, გავძლიერდით და ჩვენი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება მოგვეცა“.

პროექტი ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE) ახორციელებენ.