20 08 2020

სოფელში მცხოვრები ქალები ზრუნავენ ოჯახისა და თემის კეთილდღეობაზე კრიზისის დროს - ნაირა ღუზარაულის ისტორია

ნაირა ღუზარაული მრავალშვილიანი დედაა ახმეტის რაიონის შორეულ სოფელ ომალოდან. სოციალურად დაუცველი ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყარო მებოსტნეობაა. ნაირა მეუღლესთან ერთად ზრუნავს დედამთილსა და რვა შვილის კეთილდღეობაზე, თუმცა მებოსტნეობისგან მიღებული შემოსავალი არ არის საკმარისი მრავალშვილიანი ოჯახისთვის. სწორედ ამიტომ, ნაირამ გადაწყვიტა დამატებითი საქმე წამოეწყო და ფინანსურად დახმარებოდა ოჯახს. მას ჭრა-კერვა ეხერხებოდა და ყოველთვის უნდოდა სამკერვალო გაეხსნა.

უკეთესი მომავლის იმედით, ნაირამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში, ნაირამ  ორი საკერავი მანქანა, მაგიდა და სკამი შეიძინა. ამის შემდეგ, სახლში ერთი პატარა ოთახი გამოყო სამკერვალოსთვის და დიდი ენთუზიაზმით შეუდგა ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას. განვითარების და ხელობის დახვეწის მიზნით, პროექტის ფარგლებში მან ჭრა-კერვის კურსიც გაიარა. „კურსებზე დასწრება ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო და ძალიან კმაყოფილი ვარ. ახლა უფრო გავიღრმავე ცოდნა და შემიძლია უკეთესი სერვისი შევთავაზო მომხმარებელს“. მიუხედავად იმისა, რომ ნაირა მრავალშვილიანი დედაა და მუდამ ჩართულია ოჯახის საქმეებში, ის ახერხებს დროის დათმობას სამკერვალო ბიზნესისთვის და უკვე ოთხი თვეა მცირე შეკვეთებს იღებს სოფლის მაცხოვრებლებისგან. „პროექტის დახმარებით ცხოვრებას უფრო პოზიტიურად და იმედიანად შევხედე“.

ნაირა, ჩვეულებისამებრ აპირებდა თავისი საქმიანობის გაგრძელებას, თუმცა იძულებული გახდა ყურადღება სხვა, ამ დროისთვის მეტად მნიშვნელოვან რამეზე გადაეტანა. ქვეყანაში გავრცელებული კოვიდ-19 პანდემიის გამო თემში პირბადეების დეფიციტი შეიქმნა. სწორედ ამიტომ, ნაირამ მრავალჯერადი მოხმარების პირბადეების კერვა დაიწყო და უსასყიდლოდ გაანაწილა ოცი პირბადე დაახლოებით ექვს ადგილობრივ ოჯახში. „მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა ამ გაჭირვების დროს და მაქსიმალურად დავხმარებოდი ჩემს ხალხს“.  სამწუხაროდ ბევრად მეტის შეკერვა სურდა ნაირას, თუმცა ამისთვის საკმარისი მასალა არ ჰქონდა. 

ნაირა ეთნიკური უმცირესობის ჯგუფს მიეკუთვნება და კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ქალის როლი ოჯახში. „ქალს ყოველთვის უნდა ჰქონდეს თავისი შემოსავალი და უნდა იყოს დამოუკიდებელი, ძლიერი. სოფლებში მცხოვრებ ქალებს განსაკუთრებით სჭირდებათ დახმარება, ვინაიდან მეტად შეზღუდულები არიან და არ აქვთ დასაქმების პერსპექტივა“.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).