20 08 2020

ანა დარბაიძეს წარმატების ისტორია

„ვფიქრობ ოჯახი მაშინ არის ძლიერი, როცა ქალია ძლიერი. ჭკვიანი ქალი ბევრს მიაღწევს ცხოვრებაში“.

ანა დარბაიძე მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ლაგოდეხის სოფელ ჭიაურში ცხოვრობს. ის აქტიური, განვითარებაზე ორიენტირებული ქალია და ყოველთვის ზრუნავს ოჯახის კეთილდღეობაზე. როგორც ანა ამბობს, ჭიაურსა და მის მეზობელ სოფლებში არ არის სამკერვალო სალონი, შესაბამისად, მომსახურების მისაღებად ადგილობრივ მოსახლეობას ლაგოდეხში უწევს წასვლა. სწორედ ამიტომ, ანას გაუჩნდა იდეა რომ ჭიაურში სამკერვალო საწარმო გაეხსნა. თუმცა ამისთვის, მას საკმარისი ფინანსური რესურსი არ გააჩნდა.

საბედნიეროდ, ანამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი პროექტის შესახებ შეიტყო და მისი დახმარებით, დედამისთან და ორ მეზობელ ქალთან ერთად სამკერვალო გახსნა. საწარმოსთვის სივრცე ანას მშობლებმა დაუთმეს, რომელიც ქალებმა თავიანთი რესურსებით გაარემონტეს. ინვენტარი, კი პროექტის ფარგლებში მიღებული გრანტით შეიძინეს. საერთო საქმის წარმატებისთვის, ქალებმა ფუნქციები გადაინაწილეს - ანა ბუღალტრულ და ადმინისტრაციულ საკითხებში ეხმარება პარტნიორებს, დანარჩენები კი, ჭრა-კერვით არიან დაკავებულნი. სამკერვალო პოზიტიური გარემოთი გამოირჩევა და მეწარმე ქალებმა უკვე შეკვეთებიც მიიღეს სოფლის მაცხოვრებლებისგან.

ანა, თავის პარტნიორ ქალებთან ერთად ორიენტირებულია სამკერვალო საწარმოს განვითარებაზე და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ამ ეტაპზე თეთრეულებსა და ჭურჭლის ტილოებს კერავენ, თუმცა მომავალში სამოსის შეკერვასაც გეგმავენ.

ამ ყველაფერთან ერთად, ანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქალის როლს ოჯახში. „ქალზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. მან ყოველთვის უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა, რომ მეუღლეზე არ იყოს დამოკიდებული“.  სწორედ ამიტომ, ის ძალიან ბედნიერია რომ საქართველოს რეგიონებში ისეთი პროექტები ხორციელდება, რაც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით“ მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასიაში (CARE).